„ღია ინოვაციები“, „ღია მეცნიერება“, ეროვნული ინოვაციური სისტემა და მისი მოდელები
- ეკონომიკამეცნიერება
- ნოემბერი 11, 2022
- 341
რამაზ აბესაძე, პროფესორი
ინოვაციები
ინოვაცია (ინგლისურად innovation) ლათინური "Innovatio”-დან წარმოდგება,
რაც “განახლებას” ნიშნავს. “In” წინსართი კი ლათინურად ითარგმნება, როგორც
“მიმართულებით”. მაშასადამე, სიტყვა სიტყვით "Innovatio” ნიშნავს – “განახლების
მიმართულებით”. მართლაც, ინოვაციის მთავარი არსი მდგომარეობს განახლებაში,
უფრო პროგრესულის დანერგვაში. ეკონომიკაში ტერმინი ინოვაცია პირველად
ავსტრიელმა ეკონომისტმა ჯოზეფ შუმპეტერმა შემოიტანა [Шумпетер Й. А. 1989.],
თუმცა, არსობრივად, სხვა ტერმინით იგი მანამდეც გამოიყენებოდა. ადამ სმითი
მიუთითებდა, რომ კაპიტალიზმის ორგანიზაციული მექანიზმის როლს ასრულებს
არა მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, არამედ კონკურენცია, რომელიც აიძულებს
მეწარმეს აამაღლოს ეფექტიანობა ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლით. ახალ
ტექნოლოგიებში სწორედ ინოვაციები იგულისხმება [Смит А.2007].
ნ. კონდრატიევმა თავის თეორიაში კონიუნქტურის დიდი ციკლების შესახებ
[Кондратьев Н. Д. 2002] დაასაბუთა დიდი ციკლების არსებობა 50-60 წლიანი
ხანგრძლივობით. მისი აზრით, დიდი ციკლის აღმავალი ტალღის დაწყების წინ
ხდება ღრმა თვისებრივი ცვლილებები საზოგადოების სამეურნეო საქმიანობაში,
რომელიც გამოიხატება ტექნიკასა და ტექნოლოგიებში მომხდარი არსებითი
სიახლეებით, როგორც წარმოების, ისე გაცვლის სფეროში. რასაკვირველია, ამ
სიახლეებში იგულისხმება ინოვაციების განხორციელება ეკონომიკაში.
სოციოკულტურულ სფეროში ინოვაციური განვითარების საფუძვლები შექმნა
პ. სოროკინმა [Сорокин П. С. 2000]. მისი აზრით, კულტურის რომელიმე ტიპის
გაბატონება განსაზღვრავს ყოველი საზოგადოების დამახასიათებელ ნიშნებს,
სტრუქტურის თავისებურებებს, დინამიკას.
მნიშვნელოვანი წვლილი ინოვაციის თეორიის განვითარებაში ეკუთვნის
ინგლისელ მეცნიერს ჯონ ბერნალს. იგი მიუთითებს, რომ მეცნიერებაში აყვავების
პერიოდები ემთხვევა ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტექნიკურ პროგრესს,
როგორც ინოვაციების გამოყენების შედეგი [Бернал Дж. 1956].
განავითარა რა ჯ. შუმპეტერისა და ჯ. ბერნალის იდეები, ნობელის პრემიის
ლაურეატმა სეიმონ კუზნეცმა [Kuznets S. 1930] კიდევ უფრო გაამდიდრა ინოვაციების
თეორია. მან შემოიტანა ეპოქალური ინოვაციების ცნება, რომ სწორედ მათი
მეშვეობით ხდება ერთი ისტორიული ეპოქიდან მეორეზე გადასვლა.
საზოგადოების პროგრესი განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან. მან
განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და
ყოფაცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს
არის ინოვაციათა განხორციელების პროცესი ეკონომიკური სისტემის ყველა
ელემენტში.
ინოვაციებს ადგილი აქვს ნებისმიერი წყობილების დროს, მაგრამ იგი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ინოვაციები
იღებენ უწყვეტ ხასიათს და ხდებიან განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი
ფაქტორი. ეს პროცესები მსოფლიოში დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან
და განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში.
ამიტომაა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკას ინოვაციურ ეკონომიკას უწოდებენ.
ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების,
ინფორმაციის, ინსტიტუციების, ადამიანისეული კაპიტალის, წარმოების
ორგანიზაციის ფორმების, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულყოფას,
მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპიტალს.
მეცნიერება, გამოგონება, ინოვაცია ასეთ ეკონომიკაში განვითარების ერთიან
ორგანულ ფაქტორს წარმოადგენს [აბესაძე… 2015].
„ღია ინოვაციები“ და „ღია მეცნიერება“
განვითარებულ ქვეყნებში გამუდმებით მიმდინარეობს ინოვაციური
პოლიტიკის განვითარება. ამ მხრივ ლიდერის როლს ევროკავშირი ასრულებს.
ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია ითვალისწინებს სამი ახალი მიზნის
მიღწევას, ესაა: ღია ინოვაციებზე გადასვლა; მეცნიერების ღიაობა; ღიაობა
მსოფლoოსადმი.
„ღია ინოვაციები“. ინოვაციური პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების
მიხედვით, მათი განვითარების დონის შესაბამისად. ევროკავშირში, სადაც ინოვაციური
პოლიტიკა წლების გასნმავლობაში მნიშვმელოვნ პროგრესს განიცდის,ბოლო პერიოდში
დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს როგორც მისი შინაარსის, ასევე მონიტორინგის
კომპონენტების დაზუსტება. მნიშვნელოვნების თვალსაზრისით წინა პლანზე გამოდის
ინოვაციური პროცესის „გახსნილობის“ ფაქტორები და მანამდე წარმატებით მოქმედი
„ხარჯებისა“ და „გამომუშავების“ ინდიკატორები, როგორიცაა მასში ჩართული რესურსების
მოცულობა, პატენტი და საგამომცემლო საქმიანობა აღარ არის მისი წარმატების გარანტი
[ Tsirenshchikov V. 2019]. ინოვაციურ პოლიტიკაში ცვლილებები გამოაცხადა
ევროკომისარმა მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების საკითხებში კარლოს
მაედასმა 2015 წლის 22 ივნისს ბრიუსელში კონფერენციაზე („ახალი დასაწყისი
ევროპისთვის: ევროპული ინოვაციების კვლევის არეალის გახსნა“) გამოსვლაში.. მან
განსახილველად წარადგინა ახალი ინოვაციური სტრატეგია, რომელიც ეყრდნობოდა
„ღია ინოვაციების“ იდეას. ღია ინოვაციის კლასიკური განმარტება მოცემულია მისი
დამფუძნებლის, ჰენრი ჩესბროს, მიერ, როგორც შემავალი და გამავალი ცოდნის
ნაკადების გამოყენება შიდა ინოვაციების დასაჩქარებლად [Open Innovation…, 2015]. „ღია
ინოვაციის“ კონცეფცია მუდმივად იხვეწება სწორხაზოვანი მოდელებიდან,
ორმხრივი ტრანზაქციებიდან და ურთიერთქმედებებიდან დინამიურ ინოვაციურ
ეკოსისტემებზე გადასვლის მიმართულებით, რომელიც ჩამოყალიბებულია ქსელურ
ბაზაზე და მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე.
„ღია მეცნიერება“. პირველად, "ღია მეცნიერების" კონცეფცია წამოაყენა
ამერიკელმა ეკონომისტმა, რიჩარდ ნელსონმა. ის აცხადებდა მეცნიერული ცოდნის
ღია გაზიარების აუცილებლობის შესახებ [Nelson, R. 2012], რომ მეცნიერული კვლევა
ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოების ყველა დაინტერესებული ფენისთვის,
იქნება ეს პროფესიონალები თუ მოყვარულები. ეს ნიშნავს სამეცნიერო
პროცესისადმი ახალ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობასა და
ცოდნის გავრცელების ახალ მეთოდებზე ციფრული ტექნოლოგიებისა და
ურთიერთქმედების ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით [Open Innovation…, 2015].
ეს კონცეფცია დიდი ხანია ევროკომისიის ყურადღების ცენტრშია [Commission
Recommendation… 2012] ჯერ კიდევ 2012 წელს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია
საჯაროდ დაფინანსებულ ყველა კვლევის ღია ხელმისაწვდომობის პოლიტიკას.
[Open Innovation…, 2015]. იგი მიზნად ისახავს სამეცნიერო ჟურნალებში კვლევის
შედეგების გამოქვეყნების სტანდარტული პრაქტიკიდან გადასვლას ყველა
არსებული ცოდნის ერთობლივ განვითარებასა და გამოყენებაზე. ეს შეიძლება
შევადაროთ ქსელურ ურთიერთობებს, ქსელი უკეთესი ხდება, რაც უფრო მეტი
ადამიანი იყენებს მას. „ღია მეცნიერება“ საშუალებას აძლევს საბოლოო
მომხმარებლებს გახდნენ ახალი იდეების, ურთიერთობებისა და სერვისების
შემქმნელები. ამრიგად, „ღია მეცნიერება“ აფართოებს ტრადიციული სამეცნიერო
კვლევისა და თანამშრომლობის ფორმებს, ზრდის ცოდნის გაზიარების
ინტენსივობას, ხსნის შეზღუდვებს მათ გაცვლაზე, ასევე მაღალი რანგის
ჟურნალებში კვლევის შედეგების გამოქვეყნებისა და ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების რეგისტრაციის დაბრკოლებებს.
„ღიაობა მსოფლიოსადმი“ არის ევროკავშირის ახალი სტრატეგიული მიზნის
მესამე კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო თანამშრომლობის
გაძლიერებასა და გაფართოებას მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში, კიდევ
უფრო დიდი ღიაობის საფუძველზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პარტნიორობა
ქვეყნებსა და რეგიონებს შორის უნდა გადაიზარდოს გლობალური სამეცნიერო
სივრცის ჩამოყალიბებაში, სადაც მეცნიერებსა და ნოვატორებს შეეძლებათ
თავისუფლად იმუშაონ კოლეგებთან მთელი მსოფლიოდან.
ინოვაციური სისტემა და მისი მოდელები
თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური განვითარების საფუძველი ინოვაციებია.
თანამედროვე კონკურენციის პირობებში ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა მიდის არა
რესურსების, რამედ ინოვაციების უნარის ფლობისათვის. [Швец… 2019.]
ინოვაციური პროცესი განუყოფელია ინოვაციური სისტემისაგან. ინოვაციური
სისტემის ცნება პირველად შემოიტანა ინგლისელმა ეკონომისტმა, ბერნალის
პრემიის ლაურეატმა, კრისტოფერ ფრიმანმა. ის ეროვნულ ინოვაციურ სისტემას
განიხილავდა როგორც ერთობლიობას და ურთიერთკავშირს ეკონომიკურ
სუბიექტებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ახალი
ცოდნის შექმნაში, შენახვასა და გავრცელებაში, მის იმ ახალ ტექნოლოგიებად,
საქონლად და მომსახურებად გარდაქმნაში, რომელიც გამოიყენება საზოგადოების
მიერ (Freeman C. 1987). ამერიკელი ეკონომისტი, რიჩარდ ნელსონი, წერდა, რომ
ინოვაცია წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც აერთიანებს
განსხვავებულ მონაწილეებს, ისეთებს როგორიცაა: ახალი ცოდნის მწარმოებელი
ფირმები, ტექნოლოგიური და ანალიტიკური ცენტრები, რომელთა შორის არსებობს
უამრავი კავშირი და რომლებიც ამგვარად ქმნიან ინოვაციურ სისტემას [Nelson R.
1993].
ეროვნული ინოვაციური სისტემა (ეის) მოიცავს: შესაბამის სახელმწიფო
ორგანოებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემას, ინოვაციურ
ინფრასტრუქტურას. სწორედ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ
ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო რეგულირებას. მასში
მონაწილეობს ხელისუფლების თითქმის ყველა შტო, განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭებათ ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს. დიდია ასევე
ეროვნული ბანკის წვლილი, ვინაიდან სწორი მონეტარული პოლიტიკა დადებით
გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე, საერთოდ, და, ბუნებრივია,
ინოვაციური პროცესების წარმართვაზე. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს
სტატისტიკის სამსახური, ვინაიდან, საწარმოებში ინოვაციების განხორციელების
შესახებ მონაცემთა უქონლობის გარეშე სწორი ინოვაციური პოლიტიკის
განხორციელება და ღონისძიებათა დაგეგმვა შეუძლებელი იქნება. ინოვაციური
ეკონომიკის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს არაეკონომიკური პროფილის
სამინისტროთა საქმიანობასაც, ვინაიდან ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ
გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ არაეკონომიკური
ფაქტორებიც. ამ მხრივ გამოირჩევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
რომელიც ქვეყნის ინოვაციური სისტემის ფუნდამენტის _ განათლებისა და
მეცნიერების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. სრულყოფილი ინოვაციური
სისტემის ფორმირება შეუძლებელია განვითარებული საგანმანათლოებლო და
სამეცნიერო სისტემების არსებობის გარეშე. საგანმანათლებლო სისტემამ უნდა
უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სამეწარმეო და სამეცნიერო კადრების
აღზრდა, სამეცნიერო სისტემამ კი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის
ახალი ცოდნის (აღმოჩენების) გენერირება. ამასთან, განათლება და მეცნიერება არ
შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი დარგი. მართალია, სამეცნიერო კადრებს
განათლების სისტემა იძლევა, მაგრამ ახალ ცოდნას ქმნის არა განათლება, არამედ
მეცნიერება, რაც საზოგადოების, ისე თვით განათლების პროგრესს განაპირობებს.
ამდენად, პრიორიტეტი მეცნიერებას უნდა მიენიჭოს.
ინოვაციური სისტემის ფორმირების პროცესზე დადებით გავლენას ახდენენ
სხვა სამინისტროებიც, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამყარებს რა კარგ
ურთიერთობებს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, უმჯობესდება საინვესტიციო
გარემო, რაც ხელს უწყობს ინოვაციების შემოდინებას ქვეყანაში და ა. შ.
ბიზნესგარემო დიდადაა დამოკიდებული სამართალდამცავი სისტემის ეფექტიან
ფუნქციონირებაზე. სამართლიანობის დაცვის შემთხვევაში როგორც შიგა, ისე გარე
ინვესტიციები იზრდება და პირიქით. ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა
მხარი უნდა დაუჭირონ ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რეგიონული
ინოვაციური სისტემების ფორმირებასა და განვითარებას.
ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურა შედგება იმ სუბიექტებისაგან,
რომელთა საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კერძო და
სახელმწიფო სექტორის დაკავშირების, თანამშრომლობისა და ინოვაციური
საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისკენ. სწორედ მისი მეშვეობით
ხორციელდება სახელმწიფო ორგანოთა და კერძო სექტორის გადაწყვეტილებათა
გარდაქმნა ინოვაციად ანუ ყველა პროცესი მეცნიერული აღმოჩენებიდან
ინოვაციებამდე. ინოვაციური ინფრასტრუქტურა შეიძლება მოიცავდეს სუბიექტთა
ფართო სპექტრს: სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, სამეცნიერო ან
ტექნოლოგიურ პარკებს; ბიზნესინკუბატორებს; ბიზნესამაჩქარებლებს;
ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრებს; ინოვაციის ლაბორატორიებს, ინოვაციების
ცენტრებს; საკონსტრუქტორო ბიუროებს; მცირე ინოვაციურ საწარმოებს;
კლასტერებს; მცირე ინოვაციურ, ინჟინირინგულ, კონსალტინგურ და ინფორმაციულ
სამსახურებს; ტრეინინგ-ცენტრებს; ლიზინგური მომსახურების კომპანიებს;
ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდებს.
ფინანსური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად სასურველია ასევე არსებობდეს
ინოვაციების ბანკი, რომელიც ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად
გასცემს გრძელვადიან კრედიტებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, დააზღვევს
მათ და სხვ.
ინოვაციური სისტემა მოიცავს ინოვაციური პროცესის ყველა ეტაპს
კვლევებიდან წარმოებამდე და რეალიზაციამდე. ინოვაციური სისტემა ძალზედ
რთული ორგანიზმია იგი უზრუნველყოფს ახალი ცოდნის ინტენსიურ მოდინებას,
მის გარდაქმნას სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეებად და მათ კომერციალიზაციას.
ინოვაციური სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვეყნებისა და მათ წინაშე
მდგარი ამოცანების მიხედვით. განასხვავებენ ინოვაციური სისტემის რამდენიმე
მოდელს [Бурдули… 2017]:
ევროატლანტიკური მოდელი, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა ვერსიით
აშშ-ში, კანადაში, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, აქვს ეის-ის სტრუქტურის
ყველა კომპონენტი. ანუ ეს არის სრული ინოვაციური ციკლის მოდელი ინოვაციური
იდეის გაჩენიდან მზა პროდუქტის მასობრივ წარმოებამდე. განვითარებულ
ევროპულ ქვეყნებში ეროვნული ინოვაციური სისტემები კონცენტრირებულია
უმსხვილესი უნივერსიტეტების ირგვლივ (თუმცა, რიგ ქვეყნებში – საფრანგეთში,
დანიაში, შვედეთში და სხვ. კვლევითი ინსტიტუტები და მეცნიერებათა აკადემიები
ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ).
აღმოსავლეთაზიური მოდელი განსხვავდება ევროატლანტიკური
მოდელისგან იმით, რომ, პირველ რიგში, უნივერსიტეტები, როგორც ინოვაციური
განვითარების ცენტრები, ბევრად უფრო მცირე როლს თამაშობენ, ვიდრე
კორპორაციების კვლევითი ლაბორატორიები, და ამ ქვეყნების ეროვნული
ინოვაციური სისტემები თითქმის მთლიანად მოკლებული იყო ფუნდამენტური
მეცნიერების კომპონენტს. მეორეც, ეს ქვეყნები ძირითადად სესხულობდნენ
ტექნოლოგიებს ევროატლანტიკური ტიპის ეროვნული ინოვაციური სისტემების
მქონე ქვეყნებიდან, მესამე, დანახარჯების უდიდეს ნაწილს სამეცნიერო-კვლევით
და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (R&D) ეწეოდა კერძო სექტორი
(იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ტაივანი). თუმცა, გასული
საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში, ამგვარმა სისტემამ გარკვეულწილად
ამოწურა თავი და მას შემდეგ დაიწყო ამ ქვეყნების ეროვნული ინოვაციური
სისტემების თანდათანობითი ტრანსფორმაცია.
ალტერნატიული მოდელი ჩამოყალიბდა ძირითადად სოფლის მეურნეობის
ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პოტენციალი, რის
შედეგადაც მათ ეროვნულ ინოვაციურ სისტემებს აკლია ფუნდამენტური და
გამოყენებითი მეცნიერების ბლოკი. ამ ქვეყნებში ეროვნული ინოვაციური
სისტემების ფორმირებისას აქცენტი კეთდება ცალკეული სექტორების ინოვაციური
მენეჯმენტის განვითარებაზე (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, კვების
მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი) და ტექნოლოგიების სესხებაზე,
ვიდრე მათ განვითარებაზე (ჩილე, ტაილანდი, პორტუგალია). თუმცა,
თანდათანობით ამ ქვეყნებში დაიწყო ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური
ინდუსტრიის განვითარება და საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურის
ფორმირება, მათ შორის, ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში.
სამმაგი სპირალის მოდელი არის ევროსატლანტიკური მოდელის
განვითარების პროდუქტი. მან განვითარება ჰპოვა შეერთებულ შტატებში, ხოლო
მისმა ცალკეულმა ელემენტებმა – დასავლეთ ევროპის ზოგიერთ განვითარებულ
ქვეყანაში, ბრაზილიასა და იაპონიაში. ეს მოდელი აღწერს სამი ინსტიტუტის
(მეცნიერება, მთავრობა, ბიზნესი) ურთიერთქმედებას ინოვაციური პროდუქტის
შექმნისა და წარმოებაში დანერგვის თითოეულ ეტაპზე, ასევე სამი მონაწილის
ურთიერთქმედებას ყველა როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ, სექტორულ და
საწარმოს დონეზე.
თანამედროვე ეტაპზე ინოვაციური სისტემის მოდელები ცვლილებას
განიცდის, ძირითადად ზემოთ მოყვანილი „ღია ინოვაციების“, „ღია მეცნიერებისა“ და
„მსოფლიოსადმი ღიაობის“ კონცეფციების და ეკოლოგიური პრობლემების
გააქტიურების შესაბამისად. სპირალის ტრადიციული სამრგოლიანი სისტემა
("მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი") ჯერ შეიცვალა ოთხრგოლიანი მოდელით –
„მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი-საზოგადოება“, სადაც საზოგადოება
განიხილება, როგორც ინოვაციური სისტემის სრულფასოვანი სუბიექტი. შემდეგ
ხდება ამ მოდელის კიდევ სრულყოფა და წარმოიშვა ხუთრგოლიანი ვერსია –
სახელმწიფო, მეცნიერება, ბიზნესი, საზოგადოება, გარემო. ეს მოდელი სამრგოლიანი
მოდელისაგან განსხვავებით გულისხმობს ინოვაციების ღიაობის პრინციპს, ანუ
ინოვაციურ პროცესებში საზოგადოების მნიშვნელოვან ჩართულობას, ასევე
არსებული გარემოს გათვალისწინებას, სადაც გარემოში იგულისხმება ეკოლოგიური
ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დანარჩენი კომპონენტების მდგრად
განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებას [ Tsirenshchikov V. 2019].
საქართველოში ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სისტემის შესახებ
ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში
ლიტერატურა
1. აბესაძე რ. 2015. ინოვაციები და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების ზოგადი
მიმართულებები საქართველოში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის
სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, “თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის
ინსტიტუტის გამომცემლობა”
2. Бурдули В. ОСОБЕННОСТИ ТРАНСФОРМАЦИИ НАЦИОНАЛЬНЫХ
ИННОВАЦИОННЫХ СИСТЕМ В НЕКОТОРЫХ РАЗВИТЫХ СТРАНАХ
3. Бернал Дж. 1956. Наука в истории общества. М.: ИЛ – 1956.
4. Commission Recommendation of 17 July 2012 on access to and preservation of scientific
information
https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/48558fc9-d4c8-11e1-905c-
01aa75ed71a1/language-en
5. Freeman C. 1987.Technology Policy and Economic Performance. London: Pinter Publishers
6. Nelson R. 1993. National Systems of Innovation: A Comparative Analysis. Oxford
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=C3Q8DwAAQBAJ&oi=fnd&pg=PR7&dq=Nelson+R.+1
993.+National+Systems+of+Innovation&ots=diN_hNACrM&sig=jmEBjO8jnE4vke8mwS345TXZKHk&
redir_esc=y#v=onepage&q=Nelson%20R.%201993.%20National%20Systems%20of%20Innovation&
f=false
7. Kuznets S. 1930. Secular Movements in Production and Prices. Their Nature and their Bearing
upon Cyclical Fluctuations. Boston: Houghton Mifflin, 1930.
8. Lundvall B. Nationa. 1992. Systems of Innovation: Towards a Theory of Innovation and Inter- active
Learning. London, 1992.
9. Open Innovation, Open Science, Open to the World 22 June 2015. European Commission – Speech.
Brussels, “A new start for Europe: Opening up to an ERA of Innovation”. Conference
10. Tsirenshchikov V. 2019. Strategy of Innovative Development of the European Union: New
Goals and Initiatives. „ Sovremennaya Evropa“, 2019 Issue 6
https://arxiv.gaugn.ru/s0201-70830000621-6-1-ru-417/
11. Кондратьев Н. Д. 2002. Большие циклы конъюнктуры и теория предвидения. М.: Экономика,
2002.
12. Смит А. 2007. Исследование о природе и причинах богатства народов. — М.: Эксмо, 2007.
13. Сорокин П. С. 2000. Социальная и культурная динамика. 2000.
14. Швец И. Ю. 2019. Институциональные аспекты национпльной инновационной системы.
Друкеровский вестник. 2019. № 5
15. Шумпетер Й. А. 1989. Теория экономического развития. М.: Прогресс, 1982